უილიამ გოლდინგის ცნობილი რომანის, „ბუზთა მბრძანებელი“, სერიული ადაპტაცია მალე Netflix-ზე გამოჩნდება. კლასიკურ რომანზე დაფუძნებული სერიალის პრემიერა ამ თვის დასაწყისში BBC-სა და Stan Australia-ზე შედგა, ახლა კი მისი ნახვის შესაძლებლობა ამერიკელ მაყურებელსაც ექნება. მიღწეული სხვა შეთანხმებები სერიალს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაყურებლისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის. ეს სერიალი პირველი შემთხვევაა, როდესაც გოლდინგის საკულტო რომანი მცირე ეკრანისთვის ადაპტირდა. პროექტის ავტორი ჯეკ თორნია. გამოცემა THR-ის ცნობით, მაიკ უოლდმა, Sony Pictures Television-ის დისტრიბუციისა და ქსელების თანაპრეზიდენტმა, სერიალზე შემდეგი განაცხადა: „ჯეკ თორნის თანამედროვე ხედვა ამ მარადიულ ისტორიაზე, ერთი სიტყვით, ძლევამოსილია. საკულტო რომანის ეს პირველი სატელევიზიო ადაპტაცია ყველა დონეზე ასრულებს მოლოდინს, მათ შორის თავისი კინემატოგრაფიული მასშტაბითა და შთამბეჭდავი მუსიკით.“ ოთხეპიზოდიანი ლიმიტირებული სერიალის მთავარ როლებს უინსტონ სოიერსი, ლოქს პრატი, დევიდ მაკკენა და აიკ ტალბოტი ასრულებენ.