კრიმინალური დრამის „Criminal Record“ მეორე სეზონი აპრილში გამოვა. Apple TV-მ სეზონის გამოსვლამდე პირველი ორი ფოტო გაავრცელა. სერიალში, რომელიც ორი დეტექტივის ისტორიას მოგვითხრობს, მთავარ როლებს პიტერ კაპალდი, ქაშ ჯამბო, ჩარლი კრიდ-მაილზი, დიონ ბრაუნი, შონ დული, სტივენ კემპბელ მური, ზოი ვანამეკერი, რაზაკ კუკოი, მეისი აირესი, აიშა კალა, კეტი ტაისონი და ტომ მუჩი ასრულებენ. პირველ სეზონში ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, როდესაც ცალ-ცალკე მუშაობდნენ ერთი და იმავე საქმის გამოსაძიებლად. მეორე სეზონში კი იძულებულნი იქნებიან ერთად ითანამშრომლონ. Apple TV-მ მომავალი სეზონის შესახებ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „BAFTA-ს ნომინანტის, პოლ რატმანის „Criminal Record“ არის ძლიერი, პერსონაჟებზე ორიენტირებული დრამა, რომელიც თანამედროვე ლონდონის ცენტრში ვითარდება და პოლიციისთვის სიმართლის დადგენის შეუძლებლობას იკვლევს. მეორე სეზონში, როდესაც პოლიტიკურ მიტინგზე ახალგაზრდა მამაკაცს დანით მოკლავენ, მეტოქე პოლიციის ოფიცრები ჯუნ ლენკერი (ჯამბო) და დენიელ ჰეგარტი (კაპალდი) იძულებულნი არიან უხერხული ალიანსი შექმნან. მაგრამ ის, რაც მკვლელის ძიებით იწყება, გადაიზრდება საიდუმლო ოპერაციაში, რომლის მიზანია ლონდონის ცენტრში ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთა.“ მეორე სეზონში კაპალდი ბრუნდება დეტექტივი მთავარი ინსპექტორის, დენიელ ჰეგარტის როლში, ხოლო ჯამბო – დეტექტივი სერჟანტის, ჯუნ ლენკერის როლში. მსახიობთა დაბრუნებულ შემადგენლობას, რომელშიც შედიან შონ დული, სტივენ კემპბელ მური და ჩარლი კრიდ-მაილზი, უერთდებიან დასტინ დემრი-ბერნსი, ლუკა პასკუალინო, ლუთერ ფორდი, ლინდსი მარშალი და პიტერ სალივანი. „Criminal Record“ Apple TV-ისთვის Tod Productions-ისა და STV Studios-ის მიერ არის წარმოებული. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან BAFTA Scotland-ის ჯილდოს მფლობელი ელეინ კოლინზი, რატმანი, კაპალდი და ჯამბო. სერიალის რეჟისორები არიან ბენ ა. უილიამსი და ჯოელ მეი დევიდი. სერიალი ეკრანებზე 22 აპრილს დაბრუნდება.