„დრაკონის სახლი“: მე-3 სეზონის თიზერი ომს, სიკვდილსა და ნგრევას გვპირდება; მე-4 სეზონი ბოლო იქნება
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მე-3 სეზონის თიზერ ტრეილერი გამოუშვა, რომელიც მაყურებელს ომის, სიკვდილისა და ნგრევის მოლოდინს უქმნის. შოუს შემქმნელმა რაიან კონდალმა განაცხადა, რომ სერიალი მასშტაბურ ბრძოლებს სათანადო დროს დაუთმობს. ამასთან, დადასტურდა, რომ „დრაკონის სახლის“ მე-4 სეზონი ბოლო იქნება, რადგან ის თარგარიენების ისტორიას სრულყოფილად ასახავს.
შორს მოსჩანან დრაკონები? ისინი საცეკვაოდ ემზადებიან. ხუთშაბათს HBO-მ „დრაკონის სახლის“ (House of the Dragon) მე-3 სეზონის თიზერ ტრეილერი გამოუშვა. ახალი კადრები „სამეფო კარის თამაშების“ პრიკველში მოსალოდნელ მოვლენებზე მინიშნებას გვაძლევს – კერძოდ: ომზე, სიკვდილსა და ნგრევაზე.
შოუს მე-2 სეზონის ფინალი იმით დასრულდა, რომ ყველა „სამეფო კარის თამაშების“ სამყაროს უდიდესი მოვლენებისკენ მიემართებოდა: გალეტის ბრძოლისა (Battle of the Gullet) და მეფის ნავსაყუდელის (King's Landing) დაპყრობისკენ. როდესაც ფანებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ სამოქმედო სცენებისთვის მე-3 სეზონამდე ლოდინი მოუწევდათ, შოუს შემქმნელმა რაიან კონდალმა (Ryan Condal) დაარწმუნა ისინი, რომ ფენტეზი დრამის დაბრუნებისას მათ „უდიდესი გამარჯვება“ ელოდათ. „როდესაც ცდილობ ამ შოუს დადგმას, რომელიც უზარმაზარ რესურსებს მოითხოვს – მშენებლობას, ჯავშანს, კოსტიუმებს, ვიზუალურ ეფექტებს – ჩვენ ვცდილობდით გალეტს, რომელიც, ალბათ, ყველაზე მოსალოდნელი – კარგი, იქნებ, „ცეცხლი და სისხლის“ (Fire & Blood) მეორე ყველაზე მოსალოდნელი სამოქმედო მოვლენაა – მიგვეცა დრო და სივრცე, რასაც ის იმსახურებს“, – თქვა მან მაშინ. მან დაამატა, რომ მომავალი ბრძოლა „ყველაზე მასშტაბური რამ უნდა იყოს, რაც აქამდე გაგვიკეთებია“. თიზერი ნამდვილად ადასტურებს ამ განწყობას. თავად რომ დარწმუნდეთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო!
„დრაკონის სახლის“ მე-3 სეზონის პრემიერა ამ ზაფხულს არის დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით: HBO-ს ხელმძღვანელმა ქეისი ბლოისმა (Casey Bloys) ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ „დრაკონის სახლის“ მე-4 სეზონი ბოლო იქნება. „იდეა ყოველთვის იყო თარგარიენების (Targaryens) ისტორიის მიდევნება“, – თქვა მან. „თუ წიგნებს იცნობთ, იცით, როგორ მთავრდება თარგარიენების ამბავი. ასე რომ, თარგარიენების ამ კონკრეტულ ისტორიას ბუნებრივი დასასრული აქვს.“ ახლა თქვენი ჯერია. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები „დრაკონის სახლის“ ახალ ტრეილერთან დაკავშირებით!
თეგები
წყარო:
www.tvline.com