„გრეის ანატომიისა“ და „ეიფორიის“ ვარსკვლავი ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სერიალებიდან „გრეის ანატომია“ და „ეიფორია“, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოჯახის ცნობით, ის ALS-თან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიღუპა. დეინი, რომელსაც 2025 წელს დაუსვეს ALS-ის დიაგნოზი, სიცოცხლის ბოლო წლებში დაავადების ცნობიერების ამაღლების აქტიური დამცველი იყო. ოჯახმა და ABC-მ, ისევე როგორც 20th Television-მა, სამძიმრის განცხადებები გაავრცელეს.
მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია სერიალიდან „გრეის ანატომია“ დოქტორ მარკ სლოუნის (იგივე „მაკსტიმი“) როლით და სერიალიდან „ეიფორია“ კალ ჯეიკობსის, რთული მამის, განსახიერებით, 19 თებერვალს გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა People Magazine-ს დაუდასტურა. ის 53 წლის იყო. დეინს 2025 წელს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ALS), იგივე ლუ გერიგის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
„მძიმე გულით ვაცხადებთ, რომ ერიკ დეინი ხუთშაბათს ნაშუადღევს, ALS-თან მამაცი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მან უკანასკნელი დღეები ახლო მეგობრების, ერთგული მეუღლისა და მისი ორი ლამაზი ქალიშვილის, ბილისა და ჯორჯიას გარემოცვაში გაატარა, რომლებიც მისი სამყაროს ცენტრი იყვნენ. ALS-თან ბრძოლის მთელი პერიოდის განმავლობაში ერიკი გახდა ცნობიერების ამაღლებისა და კვლევის აქტიური დამცველი, გადაწყვეტილი ჰქონდა, შეეცვალა სხვების ცხოვრება, ვინც იმავე ბრძოლის წინაშე იდგა. მას ღრმად ვიგლოვებთ და ყოველთვის სიყვარულით გავიხსენებთ. ერიკს უყვარდა თავისი ფანები და სამუდამოდ მადლიერია მათგან მიღებული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას ამ რთულ დროს,“ – ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
1972 წელს სან-ფრანცისკოში დაბადებული დეინი ბეი-არეაში გაიზარდა, სწავლობდა სეკვოიას საშუალო სკოლაში რედვუდ სიტიში და სან-მატეოს საშუალო სკოლაში სან-მატეოში. ამ უკანასკნელის დამთავრების შემდეგ, ის ლოს-ანჯელესში გადავიდა სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად. 90-იან წლებში, მან მცირე როლები შეასრულა ისეთ სატელევიზიო სერიალებში, როგორიცაა „Saved by the Bell“, „The Wonder Years“, „Roseanne“ და „Married… with Children“, სანამ 2000 წელს სერიალ „Gideon’s Crossing“-ში დოქტორ უაიატ კუპერის განმეორებად როლს მიიღებდა. იმავე წელს, მან დებიუტი შეასრულა რიჩ კოუენის ფილმში „კალათა“.
ის 2000-იანი წლების დასაწყისში სხვა ფილმებშიც გამოჩნდა, მათ შორის: „ზოი“, „დანკანი“, „ჯეკი და ჯეინი“, „სოლ გუდი“, „დღესასწაული“, „იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა“ და „მარლი და მე“. მან ასევე შეასრულა მთავარი როლი ფილმში „ღია წყალი 2“ და ორი სეზონის განმავლობაში განასახიერებდა ჯეისონ დინს The WB-ის სერიალ „მოჯადოებულებში“.
2005 წელს, მან პირველად მიიღო მონაწილეობა მოწვეული მსახიობის სახით დოქტორ მარკ სლოუნის როლში სერიალ „გრეის ანატომიის“ მე-2 სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში. მისი პერსონაჟი იმდენად კარგად მიიღეს, რომ ის მომდევნო სეზონში მუდმივ მსახიობთა შემადგენლობაში შევიდა და ასე გაგრძელდა მე-8 სეზონამდე, სანამ მისი პერსონაჟი სერიალიდან არ გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც გამოჩნდა მე-9 სეზონის ორ ეპიზოდში და 19 წლის შემდეგ, მე-17 სეზონის ეპიზოდ „სუნთქვაში“ კვლავ განასახიერა აღნიშნული პერსონაჟი.
ABC-მ და 20th Television-მა, კომპანიებმა, რომლებიც „გრეის ანატომიაზე“ მუშაობდნენ, ხუთშაბათს ღამით განცხადება გაავრცელეს: „ღრმად ვწუხვართ ერიკ დეინის დაკარგვის გამო. მისმა არაჩვეულებრივმა ნიჭმა და დაუვიწყარმა გამოჩენამ „გრეის ანატომიაში“ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებლებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მისმა სიმამაცემ და ღირსებამ ALS-თან ბრძოლის დროს უამრავი ადამიანი შთააგონა. ჩვენი გული მის ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან, ასევე იმ მრავალ ფანთანაა, ვისი ცხოვრებაც მისმა მოღვაწეობამ შეცვალა“.
2010-იან წლებში ის გამოჩნდა A&E-ის სატელევიზიო ფილმში „საქორწილო ომები“ და კინორომანტიკულ კომედიაში „ვალენტინობის დღე“. ის იყო მაიკლ ბეის „უკანასკნელი ხომალდის“ მთავარი მსახიობი, რომელიც TNT-ზე 2014-დან 2019 წლამდე გადიოდა.
2019 წელს მან HBO-ს სერიალ „ეიფორიაში“ დაიწყო კალ ჯეიკობსის, ნეით ჯეიკობსის (ჯეიკობ ელორდი) ფარულად ბისექსუალი მამის როლის შესრულება, სადაც ის სერიალის პირველი ორი სეზონის 12 ეპიზოდში გამოჩნდა. მან ეს როლი სერიალის მესამე სეზონშიც შეასრულა, რომლის პრემიერაც აპრილში შედგება.
დეინის კარიერის უკანასკნელ შესრულებებს შორისაა როლები ფილმებში „საზღვარი“, „მშვენიერებისკენ“ და „ოჯახური საიდუმლოებები“, ასევე სატელევიზიო სერიალებში „უკაბელო“, „უკუთვლა“ და „ქაბული“.
დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ, ის ALS-ით დაავადებულთა დამცველი გახდა, მუშაობდა ორგანიზაცია „I Am ALS“-თან კანონმდებლობისა და თანხების მოძიების მიმართულებით.
„ჩემი ცხოვრების გარკვეული ასპექტები ყოველთვის ღია იყო. ეს არის ის, რისი გაზიარებაც ხალხისთვის საჭიროდ მივიჩნიე,“ – განუცხადა დეინმა The Washington Post-ს. „არ მაინტერესებს, რას იფიქრებენ ჩემზე. ეს უფრო კითხვაა: „როგორ შემიძლია დახმარება? როგორ შემიძლია რაიმე სარგებელი მოვუტანო?“
„ზედმეტად მორბიდული რომ არ ვიყო, – თქვა მან, – მაგრამ იცით, თუ მივდივარ, წავალ ისე, რომ ვიღაცას დავეხმარები.“
მას დარჩა ორი ქალიშვილი.
წყარო:
variety.com