HBO-ს ჰიტ სერიალის, მაიკ უაიტის „თეთრი ლოტუსის“ მომავალი სეზონის მოქმედება საფრანგეთში განვითარდება. კიდევ სამი სტუმარი ემზადება „თეთრ ლოტუსში“ დასაბინავებლად. ჰელენა ბონემ კარტერი, მარისა ლონგი და კრის მესინა HBO-ს ემის ჯილდოს მფლობელი სერიალის, „თეთრი ლოტუსის“ მეოთხე სეზონს შეუერთდებიან. მაიკ უაიტის მიერ შექმნილი სერიალი საფრანგეთში გადაიღება და „თეთრი ლოტუსის“ სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების ახალ ჯგუფს ერთკვირიანი ქაოსური თავგადასავლების განმავლობაში მიჰყვება. მომავალი სეზონის ლოკაცია ჭორების დონეზე იყო, მაგრამ ფრანგული გარემო ოფიციალურად 20 ნოემბრამდე არ დადასტურებულა. გასულ თვეში, The Hollywood Reporter-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტივ კუგანი, ქელებ ჯონტ ედვარდსი, ალექსანდრ ლუდვიგი და ეი-ჯეი მიჩალკა ასევე შეუერთდებიან მსახიობთა გუნდს. უაიტი სერიალის რეჟისორი, სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერია. „თეთრი ლოტუსის“ მეოთხე სეზონის აღმასრულებელ პროდიუსერებად ასევე მოგვევლინებიან დევიდ ბერნადი და მარკ ქამინი. პირველი სეზონის მოქმედება ჰავაიზე ვითარდებოდა, მეორე სეზონი იტალიაში იყო გადაღებული, ხოლო მესამე - ტაილანდში. ბერნადმა ზაფხულში The Hollywood Reporter-ს მეოთხე სეზონში მოსალოდნელი სიახლეების შესახებ მიანიშნა. „ვფიქრობ, ის კულტურას ისეთი კუთხით შეეხება, რომელიც აქტუალური იქნება“, - თქვა ბერნადმა. „არ მინდა ზედმეტი ვთქვა, [მხოლოდ იმას] ვიტყვი, რომ ვიცი, რა არის და საით მიდის, ეს მართლაც ამაღელვებელია და ვფიქრობ, ხალხი კმაყოფილი იქნება მეოთხე სეზონის მიმართულებით.“