კრის ჰემსვორტი ჩენინგ ტატუმს ახალ კრიმინალურ ფილმში ჩაანაცვლებს. ტატუმი თავდაპირველად უნდა ეთამაშა ფილმ „კოკროუჩში“ (Kockroach), რომელსაც ჟანრობრივად „კარგ ბიჭებსა“ (Goodfellas) და „ნაიარევ სახესთან“ (Scarface) აიგივებენ. გრაფიკის შეუსაბამობის გამო, ტატუმს ფილმიდან გასვლა მოუწია და მის ადგილს ახლა ჰემსვორტი იკავებს. Deadline-ის ინფორმაციით, ფილმის სიუჟეტი ასეთია: „კოკროუჩი“ არის იდუმალი უცნობის ისტორია, რომელიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს უპირისპირდება და ძლიერ კრიმინალურ ბოსად იქცევა ქალაქში, სადაც ძალაუფლება ყველაფერია.“ ფილმი უილიამ ლაშერის რომანის ადაპტაციაა. ფილმის რეჟისორია მეტ როსი, სცენარი კი ჯონათან ეიმსს ეკუთვნის, რომლის რევიზია როსმა განახორციელა. როსმა ადრე გადაიღო 2012 წლის „28 სასტუმროს ოთახი“ და 2016 წლის „კაპიტანი ფანტასტიკა“. მას ასევე ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორიცაა 1995 წლის „12 მაიმუნი“, 1997 წლის „პირისპირ“, 2000 წლის „ამერიკელი ფსიქოპათი“, 2004 წლის „ავიატორი“, 2006 წლის „უკანასკნელი არდადეგები“ და სხვა. ჰემსვორტის გარდა, ფილმში მონაწილეობენ ტარონ ეჯერტონი („კინგსმენი: საიდუმლო სამსახური“, „როკეტმენი“) და ზაზი ბითზი („დედპული 2“, „ტყვიის მატარებელი“). ფილმის პროდიუსერები არიან ქრისტინა ვაის ლური და ენდრიუ ლაზარი. „კოკროუჩის“ გადაღებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. გამოსვლის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ჰემსვორტი და ტატუმი ორივე დაუბრუნდებიან თავიანთ MCU როლებს, როგორც თორი და გამბიტი „შურისმაძიებლები: განკითხვის დღეში“ (Avengers: Doomsday), რომელიც ამჟამად პოსტ-პროდუქციაშია და ამ დეკემბერში გამოვა. დაუბრუნდებიან თუ არა ისინი „შურისმაძიებლები: საიდუმლო ომებს“ (Avengers: Secret Wars), ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჰემსვორტმა ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ თორი ამ ფილმშიც იქნება. ჰემსვორტი ასევე თამაშობს მარკ რუფალოსა და ჰოლი ბერისთან ერთად ფილმში „დანაშაული 101“ (Crime 101). ეს ფილმი, რომელსაც Amazon MGM Studios შემდეგ კვირას გამოუშვებს, ასევე კრიმინალური თრილერია და დონ უინსლოუს 2020 წლის ნოველაზეა დაფუძნებული.