„ყვავილოვანი მთვარის მკვლელების“ შემდეგ, მარტინ სკორსეზე საბოლოოდ უბრუნდება კამერას, რადგან მისი ახალი ფილმის, „რა ხდება ღამით“ (What Happens at Night), გადაღებები პრაღაში უნდა დაიწყოს. ეს ნამდვილად აღნიშვნის ღირსი ამბავია. „რა ხდება ღამით“ ფილმის მსახიობთა შემადგენლობა კიდევ გაიზარდა – Deadline-ის ინფორმაციით, ლეონარდო დიკაპრიოს, ჯენიფერ ლოურენსს, პატრიცია კლარკსონსა და მადს მიკელსენს ჯარედ ჰარისიც შეუერთდა. ფილმი „ეს არის ამერიკელი დაქორწინებული წყვილის სიზმრისებრი ისტორია, რომლებიც ევროპის პატარა, თოვლიან ქალაქში მიემგზავრებიან ჩვილის ასაყვანად. ისინი ბინავდებიან ვრცელ, თითქმის უკაცრიელ სასტუმროში, სადაც ხვდებიან ენიგმატური პერსონაჟების კასტს, მათ შორის ექსტრავაგანტულ მომღერალს, გარყვნილ ბიზნესმენს და ქარიზმატულ მკურნალს. ამ უცნაურ, გაყინულ სამყაროში არაფერია ისე, როგორც ჩანს. რაც უფრო მეტად ცდილობს წყვილი თავისი ბავშვის მიღებას, მით უფრო ნაკლებად იციან საკუთარი თავისა და ერთად აშენებული ცხოვრების შესახებ.“ „რა ხდება ღამით“ დაფინანსებასა და პროდიუსერობას Apple Original Films უზრუნველყოფს. ფილმის სცენარი დაწერა პატრიკ მარბერმა (Notes On A Scandal), პიტერ კემერონის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რამდენიმე თვის წინ დიკაპრიომ ახსენა, რომ „ფილმზე მუშაობს, სადაც „თავბრუსხვევა“ (Vertigo) საწყისი წერტილია“. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სახელით არ დაუსახელებია, როგორც ჩანს, ის სწორედ „რა ხდება ღამით“ გულისხმობდა. „მარტის [სკორსეზეს] ვესაუბრე ამის შესახებ. ყოველთვის, როცა მასთან ერთად ფილმებზე სასაუბროდ ვჯდები, ეს რელიგიური გამოცდილებაა“, – თქვა დიკაპრიომ. „მაგრამ როდესაც ის ფილმზე საუბრობს, რომელსაც ჯერ კიდევ ცდილობს, გაერკვეს, ასეა: „ყოველ ათწლეულში ეს ფილმი ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. არის ის მოჩვენება, თუ არა? არის ის იქ? არის ის მოჩვენება? რა არის ეს?“ ამიტომ ხელახლა ვუყურე და ზუსტად ვიცოდი ის მომენტები წითელ ხეებში, რაზეც ის საუბრობდა. ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იყო ის მომენტი, რაც მარტიმ იგრძნო. ასე რომ, დიახ, რაღაცაზე ვმუშაობთ, რაც ამას ეხება.“ სკორსეზეს მრავალი სხვა პროექტი აქვს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის ჰავაიზე გადაღებული კრიმინალური დრამა, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო, ემილი ბლანტი და დუეინ ჯონსონი უნდა მონაწილეობდნენ. მან ასევე განიხილა ფრენკ სინატრას ბიოგრაფიული ფილმი (რომელშიც დიკაპრიო და ლოურენსი მოიაზრებოდნენ ვარსკვლავებად) და „იესოს ცხოვრება“, რომელიც შუსაკუ ენდოს 1973 წლის რომანზეა დაფუძნებული, მაგრამ ორივე პროექტი, როგორც ჩანს, უკანა პლანზე გადავიდა. ასევე იყო საუბარი იმაზეც, რომ სკორსეზე ერიკ ლარსონის „ეშმაკი თეთრ ქალაქში“ (The Devil in the White City) გადაღებას უხელმძღვანელებდა (ამ ფილმშიც დიკაპრიო უნდა ეთამაშა), მაგრამ ეს პროექტი დიდი ხანია „განვითარების ჯოჯოხეთშია“ ჩარჩენილი.