სერიალ „რობინ ჰუდის“ პირველი სეზონის ფინალის გამოსვლიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, MGM+-მა კარგი ამბავი გაავრცელა მშვილდოსნის სატელევიზიო მომავალზე. 2025 წლის 2 ნოემბერს MGM+-ზე დებიუტირებულ სერიალში რობინ ჰუდის როლს ჯეკ პეტერნი, ქალწული მარიონის როლს კი ლორენ მაკქუინი ასრულებენ. „ბეჭდების მბრძანებლის“ ვარსკვლავი შონ ბინი ნოტინჰემის შერიფის ამპლუაში გვევლინება. ათეპიზოდიანი სეზონის ფინალი 2025 წლის 28 დეკემბერს გავიდა ეთერში, რის შემდეგაც ფანებს რამდენიმე თვე მოუწიათ სერიალის მომავლისთვის ლოდინი. როგორც Deadline იუწყება, MGM+-მა ოფიციალურად გაახანგრძლივა „რობინ ჰუდი“ მეორე სეზონით. მეორე სეზონის ქასთინგი მალე დაიწყება და სავარაუდოდ, სიუჟეტი შერვუდის ტყისა და ნოტინჰემის მიღმა, ინგლისის, საფრანგეთისა და რომის სამეფო კარზე გაფართოვდება. მაიკლ რაიტმა, MGM+-ის გლობალურმა ხელმძღვანელმა, მეორე სეზონის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა: „რობინ ჰუდი სწრაფად გახდა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორიგინალური სერიალი და მისი გამოხმაურება ჩვენი აუდიტორიის მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამორჩეული იყო. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ გავაგრძელებთ ამ ეპიკურ თავგადასავალს მეორე სეზონით. ჯონ გლენმა, ჯონათან ინგლიშმა და მთელმა შემოქმედებითმა გუნდმა ხელახლა გააცოცხლეს ეს ლეგენდარული ამბავი შესანიშნავი სიღრმითა და ავთენტურობით და ჩვენ მოუთმენლად ველით, თუ სად წაგვიყვანენ შემდეგ.“ რობინ ჰუდი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია და მრავალი სახითაა ადაპტირებული, ეროლ ფლინის კლასიკური „რობინ ჰუდის თავგადასავლებიდან“ დაწყებული, უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმით დამთავრებული, სადაც ყველა პერსონაჟი ანთროპომორფულ ცხოველად იყო გამოსახული. კევინ კოსტნერი, კერი ელვისი, რასელ ქროუ და ტარონ ეჯერტონი მხოლოდ რამდენიმე მსახიობია, რომლებმაც ეს საკულტო როლი შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რობინ ჰუდის კინოადაპტაციებს უჭირდა, მაგალითად, 2018 წლის ფილმი „რობინ ჰუდი“ კრიტიკულად და ფინანსურად ჩავარდა, MGM+-ის სერიალმა პერსონაჟის წარმატებული ხელახალი ინტერპრეტაცია მოახდინა. ტელევიზია რობინ ჰუდისთვის წარმატებულ მედიუმად იქცა. BBC-ის 2006 წლის სერიალი „რობინ ჰუდი“, იონას არმსტრონგის, ლუსი გრიფინსისა და რიჩარდ არმიტაჟის მონაწილეობით, სამი სეზონის განმავლობაში გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ დისნეიმ რობინ ჰუდი ლაივ-ექშენ ფორმატში არ გადაიღო, პერსონაჟი მისი ჰიტ სერიალის „ერთხელ ზღაპარში“ ნაწილი გახდა. მას თავდაპირველად „ლუციფერის“ ვარსკვლავი ტომ ელისი განასახიერებდა, მოგვიანებით კი შონ მაგუაირმა შეცვალა, რომელიც საბოლოოდ სერიალის მუდმივი მსახიობი გახდა. ახლა კი „რობინ ჰუდის“ საშუალებით, MGM+-მა შესაძლოა იპოვა სერიალი, რომელსაც შეუძლია ნამდვილად გაარღვიოს მეინსტრიმის ბარიერები. სანამ ფანები „რობინ ჰუდის“ მეორე სეზონს ელოდებიან, ამ ზაფხულს კინოთეატრებში ცნობილი კანონგარეშე მშვილდოსნის ახალი ინტერპრეტაცია გამოვა. ფილმი „რობინ ჰუდის სიკვდილი“, რომელშიც ჰიუ ჯეკმანი მონაწილეობს, მოგვითხრობს ხანდაზმულ, გამოცდილ რობინ ჰუდზე მისი კარიერის ბოლოს, რომელიც ცდილობს წარსული ქმედებების გამოსწორებას. რობინ ჰუდის მითის დეკონსტრუქციას მაიკლ სარნოსკი (ფილმები: „ღორი“, „წყნარი ადგილი: პირველი დღე“) გადაიღებს და კინოთეატრებში 2026 წლის 19 ივნისს გამოვა.