Netflix-მა „სიამაყე და ცრურწმენის“ სერიალის პირველი კადრები წარმოადგინა
Netflix-მა ჯეინ ოსტინის კლასიკური ნაწარმოების, „სიამაყე და ცრურწმენის“ ახალი ადაპტაციის პირველი კადრები გამოაქვეყნა. ექვსეპიზოდიან სერიალში, რომელიც შემოდგომაზე გამოვა, ელიზაბეტ ბენეტის როლს ემა ქორინი, ხოლო მისტერ დარსის როლს ჯეკ ლოუდენი ასრულებენ. ადაპტაციის ავტორი დოლი ოლდერტონია, რომლის მიზანია როგორც არსებული ფანების აღფრთოვანება, ასევე ახალი თაობის მოხიბვლა ამ საკულტო ისტორიით.
Netflix-ის დიდი ხნის ნანატრი სერიალის, „სიამაყე და ცრურწმენის“ პირველი კადრები უკვე ხელმისაწვდომია. მასში ელიზაბეტ ბენეტის როლს ემა ქორინი, ხოლო მისტერ დარსის როლს ჯეკ ლოუდენი ასრულებენ.
ჯეინ ოსტინის საკულტო ისტორიის ეკრანიზაცია, რომელიც „Everything I Know About Love“-ის ავტორმა დოლი ოლდერტონმა შეასრულა, ექვსი ეპიზოდისგან შედგება და ამ შემოდგომაზე გამოვა. პრესრელიზის თანახმად, სერიალი გვპირდება, რომ „ერთგულად გააცოცხლებს ჯეინ ოსტინის საკულტო ისტორიას იმ მაყურებლისთვის, ვინც მას აფასებს, ამავდროულად, შთააგონებს ახალ თაობას, რომ პირველად შეეგყვაროს იგი“.
სამშაბათს Netflix-ის მიერ გამოქვეყნებული მოკლე თიზერი, როგორც ჩანს, ამ ხედვას ამყარებს: წარმოდგენილია კადრები, სადაც ქორინის ელიზაბეტი მზის ჩასვლას სახურავიდან უყურებს და წითლდება, როცა ცხენების თქარათქურის ხმას ისმენს, რასაც მოსდევს ჯეკ ლოუდენის დარსი, რომელიც ცხენზე ამხედრებული ჩამოდის.
სერიალის რეჟისორია ევროს ლინი, „Heartstopper“-ის შემქმნელი. ქორინთან და ლოუდენთან ერთად, Netflix-ის „სიამაყე და ცრურწმენაში“ მონაწილეობენ: ოლივია ქოლმანი – ქალბატონი ბენეტის როლში, რუფუს სიუელი – მისტერ ბენეტის როლში, ფრეია მეივორი – ჯეინ ბენეტის როლში, ჯეიმი დემეტრიუ – მისტერ კოლინზის როლში, დერილ მაკკორმაკი – მისტერ ბინგლის როლში, ლუი პარტრიჯი – მისტერ უიკჰემის როლში, რეა ნორვუდი – ლიდია ბენეტის როლში, სიენა კელი – ქეროლაინ ბინგლის როლში, ფიონა შოუ – ლედი ქეთრინ დე ბურგის როლში, ჰოუპი პერიში – მერი ბენეტის როლში და ჰოლი ეივერი – ქითი ბენეტის როლში.
აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: ლორა ლანკესტერი, უილ ჯონსტონი და ლუიზ მატერი (Lookout Point-ისთვის), ასევე ოლდერტონი, ლინი და ქორინი, რომლებისთვისაც ეს სადებიუტო საპროდიუსერო როლია. პროდიუსერი კი ლიზა ოსბორნია.
„ყოველ თაობაში ერთხელ, ადამიანთა ჯგუფს ეძლევა საშუალება, ხელახლა მოყვეს ეს შესანიშნავი ამბავი და მე თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რომ ამის ნაწილი ვარ,“ – განაცხადა ოლდერტონმა მსახიობების გამოცხადებისას. „ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“ რომანტიკული კომედიის საძირკველია – სიამოვნება იყო მისი ფურცლების ხელახლა გადაშლა, რათა ამ საყვარელი წიგნის გასაცოცხლებლად როგორც ნაცნობი, ისე ახალი გზები მეპოვა. ევროს ლინის რეჟისორობითა და ჩვენი ვარსკვლავური შემადგენლობით, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ხელახლა წარვუდგინო ეს მხიარული და რთული პერსონაჟები მათ, ვისთვისაც „სიამაყე და ცრურწმენა“ საყვარელი წიგნია, და მათაც, ვისაც ჯერ არ შეხვედრია თავისი ლიზი და მისტერ დარსი.“
თეგები
წყარო:
variety.com