ნილ სედაკა, ნაყოფიერი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც ასრულებდა ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა „Laughter in the Rain“ და „Breaking Up Is Hard to Do“, და ვისი ნამუშევრებიც ჩაწერეს ვარსკვლავებმა, მათ შორის ქეროლ კინგმა, ელვის პრესლიმ, ფრენკ სინატრამ და შერიმ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია პარასკევს Entertainment Weekly-ს მისმა წარმომადგენელმა დაუდასტურა და სედაკას ახლობლების განცხადებაც მიაწოდა. „ჩვენი ოჯახი განადგურებულია ჩვენი საყვარელი მეუღლის, მამის და ბაბუის, ნილ სედაკას მოულოდნელი გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში. „ის იყო როკ-ენ-როლის ნამდვილი ლეგენდა, მილიონობით ადამიანის შთაგონება, მაგრამ რაც მთავარია, მათთვის, ვისაც გაგვიმართლა და ვიცნობდით მას, საოცარი ადამიანი, რომლის ხსოვნასაც ღრმად ჩავიბეჭდავთ გულებში“. ბრუკლინში (ნიუ-იორკი) დაბადებულმა სედაკამ მუსიკის დაკვრა ბავშვობაში ისწავლა და იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ჯულიარდის მუსიკალური სკოლის (Juliard School of Music) სტიპენდია მოიპოვა. ის 13 წლის იყო, როდესაც დაიწყო მრავალწლიანი თანამშრომლობა მეგობარ ჰოვარდ გრინფილდთან, რომელიც ტექსტების ავტორი იყო. მათ მუსიკალურ კომპანიებთან დაიწყეს მუშაობა და 1958 წლისთვის პირველი ჰიტი, „Stupid Cupid“, რომელიც კონი ფრენსისმა ჩაწერა, უკვე ჰქონდათ. სედაკა, რა თქმა უნდა, თავადაც მომღერალი იყო და 1959 წელს RCA-სთან გააფორმა კონტრაქტი, როგორც ვოკალისტმა (ინფორმაცია Songwriters Hall of Fame-ის ოფიციალური ბიოგრაფიიდან). ამ წლიდან მოყოლებული, ხუთი წლის განმავლობაში, სედაკა ელვის პრესლის შემდეგ მეორე ადგილზე იყო გაყიდული ჩანაწერების რაოდენობით, გაყიდა რა შთამბეჭდავი 40 მილიონი ჩანაწერი. მის ადრეულ ჰიტებს შორის იყო ისეთი კლასიკური სიმღერები, როგორებიცაა „Calendar Girl“ და „Breaking Up Is Hard to Do“. მისი კარიერა 70-იანი წლების შუა პერიოდში აღორძინდა. მან შეასრულა 1974 წლის ჰიტი „Laughter in the Rain“, შემდეგ წელს კი ელტონ ჯონთან ერთად იმუშავა ტრეკზე „Bad Blood“ და იყო პოპულარული სიმღერის „Love Will Keep Us Together“ თანაავტორი, რომელიც Captain & Tennille-მა გააცნო მსოფლიოს. სედაკა 1983 წელს შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში (Songwriters Hall of Fame). მას ასევე პატივი მიაგეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავით და მისი კარიერის განმავლობაში ხუთჯერ იყო ნომინირებული გრემის ჯილდოზე. წლების განმავლობაში, თაყვანისმცემლები წუხდნენ, რომ ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში არ იყო შეყვანილი. სედაკას დარჩა მეუღლე ლებე სტრასბერგი, რომელთანაც 1962 წლიდან იყო დაქორწინებული, და მათი ორი შვილი, მარკი და დარა.