არაკისის ქვიშებიდან ტურ დე ფრანსამდე. Deadline იუწყება, რომ ოსტინ ბატლერი ლენს არმსტრონგის შესახებ ფილმში ითამაშებს. არმსტრონგი პროფესიონალი ველოსიპედისტია, რომელმაც თავის დროზე სპორტული სამყარო დაიპყრო, თუმცა დოპინგ-სკანდალის გამო ტიტულები ჩამოერთვა. ფილმის რეჟისორი ედუარდ ბერგერი (კონკლავი) იქნება, სცენარი კი ზაკ ბეილინს (მეფე რიჩარდი) ეკუთვნის. პროდიუსერები არიან სკოტ სტუბერი, ნიკ ნესბიტი და ბერგერი. სკოტ სტუბერი, რომელიც ნიკ ნესბიტთან და ბერგერთან ერთად იქნება პროდიუსერი, დიდი ხანია ცდილობდა არმსტრონგის ცხოვრების უფლებების მოპოვებას. პროდიუსერს „ყველაფერი ან არაფერი“ უნდოდა და არმსტრონგთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ველოსიპედისტმა საბოლოოდ თანხმობა განაცხადა. პროექტი აღწერილია, როგორც „ფორმულა 1“-ისა და „უოლ სტრიტის მგლის“ ნაზავი, რადგან ის არმსტრონგის ცხოვრებისა და კარიერის აღმასვლასა და დაცემას მოიცავს. პოტენციურად ფატალური მეტასტაზური სათესლე ჯირკვლის კიბოს დაძლევის შემდეგ, არმსტრონგი წარმატებით დაბრუნდა პროფესიონალური ველოსპორტის სამყაროში, სადაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი. თუმცა, მას მრავალი წლის განმავლობაში ადანაშაულებდნენ დოპინგის მიღებაში, რასაც ის ყოველთვის უარყოფდა. აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტოს (USADA) გამოძიების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ არმსტრონგი კარიერის განმავლობაში იყენებდა ამკრძალავ ნივთიერებებს, მან საბოლოოდ აღიარა დოპინგში მონაწილეობა, რამაც მისი კარიერა დაასრულა. ედუარდ ბერგერი სხვა პროექტებითაც არის დაკავებული. ის ამჟამად იღებს ფილმს "მხედარნი" (The Riders), რომელშიც ბრედ პიტი (F1), ჯულიანა ნიკოლსონი (Paradise) და კოკო გრინსტოუნი (Windcatcher) მონაწილეობენ. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ის Netflix-ისთვის დრამა „სტრადივარიუსს“ გადაიღებს. მოქმედება მე-18 საუკუნის ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება, სადაც მსოფლიოს ორი საუკეთესო მევიოლინე სრულყოფილი ინსტრუმენტის შესაქმნელად ეჯიბრება ერთმანეთს.