რეჟისორი სემ მენდესი აქტიურად მუშაობს „ბითლზის“ ოთხფილმიან კინოპროექტზე, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები შეასრულებენ: ჯონ ლენონს ჰარის დიკინსონი („Babygirl“), პოლ მაკარტნის პოლ მესკალი („გლადიატორი II“), ჯორჯ ჰარისონს ჯოზეფ ქუინი („ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები“), ხოლო რინგო სტარს ბარი კეოგანი („სოლტბერნი“) განასახიერებენ. „ბითლზის“ ფილმების პირველი კადრები ლივერპულის საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ საფოსტო ბარათებზე გამოჩნდა, რომელიც პოლ მაკარტნიმ დააარსა. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან „Apple Corps Ltd.“-მ და „ბითლზის“ წევრებმა – პოლ მაკარტნიმ, რინგო სტარმა, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ოჯახებმა – პირველად მიანიჭეს სცენარულ ფილმს უფლება ჯგუფის სრულფასოვან ბიოგრაფიასა და მუსიკაზე. სემ მენდესი ოთხივე ფილმის რეჟისორი იქნება, რომელთაგან თითოეული ჯგუფის ცალკეული წევრის ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. სცენარებზე მუშაობენ ჯეზ ბატერვორტი („ფორდი ფერარის წინააღმდეგ“), პიტერ სტრაჰანი („კონკლავი“) და ჯეკ თორნი („მოზარდობა“). მენდესმა მსახიობთა შემადგენლობა ოფიციალურად გასულ წელს CinemaCon-ზე წარადგინა. მან განმარტა, რომ წლების განმავლობაში ცდილობდა „ბითლზის“ შესახებ ფილმის გადაღებას, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა, რადგან „ისტორია ძალიან დიდი იყო ერთი ფილმისთვის“. მისი აზრით, სატელევიზიო სერიალიც არ იმუშავებდა. „უნდა არსებულიყო გზა, რომ ეპიკური ამბავი ახალი თაობისთვის მოგვეყოლა“, – თქვა მენდესმა. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი და ვფიქრობ, ჩვენ ვიპოვეთ ამის გაკეთების გზა.“ ფილმებში ასევე ითამაშებენ: სირშა რონანი („პატარა ქალები“) ლინდა მაკარტნის როლში, ჯეიმს ნორტონი („Happy Valley“) ბრაიან ეპშტაინის როლში, მია მაკკენა-ბრიუსი („როგორ დაკავდე სექსით“) მორინ სტარკის როლში, ანა სავაი („შოგუნ“) იოკო ონოს როლში, ეიმი ლუ ვუდი („თეთრი ლოტუსი“) პატი ბოიდის როლში, ჰარი ლოიდი („სამეფო კარის თამაშები“) ჯორჯ მარტინის როლში, დევიდ მორისეი („მოსიარულე მკვდრები“) ჯიმ მაკარტნის როლში, ლიენ ბესტი („კარნავალ როუ“) მიმი სმიტის როლში, ბობი სქოფილდი („რაინდები“) ნილ ასპინალის როლში, დენიელ ჰოფმან-გილი („სენდმენი“) მალ ევანსის როლში, არტურ დარვილი („ექიმი ვინ“) დერეკ ტეილორის როლში და ადამ პელი („ზღარბი სონიკი“) ალენ კლაინის როლში. ოთხივე ფილმი ერთდროულად, 2028 წლის 7 აპრილს გამოვა.