ტეილორ შერიდანმა, რომელმაც აღიარება მოიპოვა ფილმებით, როგორიცაა „სიკარიოს“ სერია, „ჯოჯოხეთი ან მაღალი წყალი“ და „ქარის მდინარე“, მაღალშემოსავლიანი თანამშრომლობა დაამყარა Paramount+-თან თავისი ჰიტ სერიალით „იელოუსტოუნი“ და მისი მრავალრიცხოვანი სპინ-ოფებითა და პრიქველებით. მან ასევე შექმნა სხვა წარმატებული შოუები, როგორებიცაა „კინგსთაუნის მერი“, „ტულსა კინგი“, „ლენდმენი“ და მომავალი ოჯახური დრამა „მედისონი“. The Hollywood Reporter-ის ცნობით, შერიდანმა, რომელიც უკვე აღიარებული მწერალია როგორც დიდ, ისე პატარა ეკრანებზე, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Simon & Schuster-თან თავისი სადებიუტო წიგნის გამოსაცემად. წიგნის სათაურია „როგორ არ მოკვდე ციხეში“ (How to Not Die in Prison) და Simon & Schuster-ის მიერ აღწერილია, როგორც „უკომპრომისო, მუქი იუმორით სავსე გადარჩენის გზამკვლევი მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში ცხოვრებისთვის“. შერიდანი წიგნზე თანაავტორობით მუშაობს „ციხეში გამობრძმედილ ყოფილ პატიმარ“ ტომ ნელსონთან ერთად, რომელიც თავის პირად გამოცდილებას იზიარებს. წიგნის გამოცემა 23 ივნისსაა დაგეგმილი. აღწერილობაში ასევე ნათქვამია, რომ წიგნი „მკითხველს ასწავლის ყველაფერს, რაც მათ ცოცხლად გადარჩენისთვის სჭირდებათ, ციხის არეულობის, ჩაკეტვის, დაჭრის, თავდასხმისა და სოლიტარული საკნის გადატანის ხერხებიდან დაწყებული, სამსახურის შოვნით, ჭკუიდან არ გადასვლით, ციხის რამენის გაკეთებით, ციხის ტატუს დახატვით და (სავარაუდოდ) თვითნაკეთი იარაღის დამზადებით დამთავრებული“. წიგნის შესავალში შერიდანი წერს: „შეიძლება გაინტერესებთ, რა ცოდნა ან სიბრძნე მაძლევს მე ციხეში გადარჩენის გზამკვლევის დაწერის უფლებას. გეტყვით – აბსოლუტურად არაფერი. მე არასდროს ვყოფილვარ ციხეში. მაგრამ, როგორც ყველა მამაკაცს, მეც, რა თქმა უნდა, მიფიქრია, როგორ გადავრჩებოდი, თუ გარემოებები ოდესმე იქ მომახვედრებდა. ამ ავადმყოფურმა ცნობისმოყვარეობამ მიბიძგა, გამეგო ციხის პოლიტიკა და საფრთხეები. „კინგსთაუნის მერის“ კვლევისას, ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ ბევრად უკეთესია ციხეში არ მოხვდე, ვიდრე იფიქრო, როგორ გადარჩე იქ.“