„The Grand Tour“-მა ახალი წამყვანების შემადგენლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც შოუ ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰემონდმა და ჯეიმს მეიმ დატოვეს. ტრიოს მოღვაწეობა Prime Video-ს შოუში 8-წლიანი პერიოდის შემდეგ 2024 წელს დასრულდა, რასაც მალევე მოჰყვა ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მათ. სტრიმინგ პლატფორმამ ახლა უკვე დაადასტურა, რომ მათ ჩაანაცვლებენ მატარებლების მოყვარული და სოციალური მედიის ვარსკვლავი ფრენსის ბურჟუა, ასევე ჯეიმს ენგელსმენი და თომას ჰოლანდი – YouTube-ის ავტომობილების მიმოხილვის არხის, „თროთლ ჰაუსის“ (Throttle House) ავტორები. ისინი დებიუტს ამ წელს, „The Grand Tour“-ის ახალ, ექვსნაწილიან სეზონში შეასრულებენ, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს და გვპირდება „დიდ თავგადასავლებს, დიდ ცხენის ძალასა და დიდ სიცილს“. ეპიზოდებში ახალი გუნდი ანგოლის უდაბნოს ტრეკის მანქანებით გადაკვეთს, შეისწავლის მალაიზიის ნათელ ავტოკულტურას და გამოსცდის აშშ-ის უახლეს მძლავრ ავტომობილებს კალიფორნიაში. მიუხედავად იმისა, რომ ენგელსმენსა და ჰოლანდს ერთი შეხედვით უფრო მეტი ავტომობილებთან დაკავშირებული გამოცდილება აქვთ, ბურჟუა არის კვალიფიციური მექანიკოსი ინჟინერი „როლს-როისში“ (Rolls-Royce) მუშაობის გამოცდილებით. Amazon გვპირდება, რომ ის გუნდს შესძენს „უნიკალურ, გადამდებ ენერგიას“ თავისი „ღრმა ტექნიკური ცოდნითა და ავტომობილის მარკის მხოლოდ ძრავის ხმით ამოცნობის უნარით“. „აზრი „დიდი ფეხსაცმელი შესავსებად“ მახსენდება“, – თქვა ბურჟუამ. „ამ შემთხვევაში, ეს იქნება, როგორც მო ფარა რბენისას 14 ზომის რეზინის ჩექმებში - თავიდან ცოტა უხერხული იქნება, შესაძლოა ბუშტუკებსაც კი გამოიწვევს, მაგრამ მთლიანობაში საინტერესო საყურებელი იქნება.“ ენგელსმენმა დაამატა: „თომასთან თითქმის ათი წელი ვმუშაობდი საავტომობილო ფილმებზე. ვინ იცოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც გვაკლდა, ფრენსის ბურჟუა იყო? დაე, საავტომობილო თავგადასავლები დაიწყოს.“ ამასობაში, ჰოლანდმა თქვა: „როდესაც პირველად გავიგე, რომ „The Grand Tour“-ს ანახლებდნენ და კლარკსონს, ჰემონდს და მეის ცვლიდნენ, ვთქვი: 'მხოლოდ იდიოტი აიღებდა ამ სამუშაოს'.“ ორიგინალური ტრიოს მოღვაწეობა 2024 წლის სექტემბერში საბოლოო სპეციალური ეპიზოდით დასრულდა. ჰემონდმა იმ დროს მიანიშნა, რომ მათ მემკვიდრეებს „გულით უნდა უყვარდეთ ეს საქმე“. „ჩვენი შოუს საყურებლად არასოდეს ყოფილა აუცილებელი იყო მანქანების ფანი“, – განუცხადა მან „მეტროს“ (Metro). „ბევრი ადამიანი, ვინც არ იყო ასეთი, მაინც უყურებდა მას, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ვიყავით მანქანების ფანები.“ „The Grand Tour“ Prime Video-ზე 2026 წელს დაბრუნდება.