ტომ ჰენქსი ახალ ფილმში აბრაამ ლინკოლნის როლზე დაამტკიცეს. ჰენქსმა კარიერის განმავლობაში ორი ოსკარი მოიგო: 1994 წელს ფილმისთვის „ფილადელფია“ და 1995 წელს „ფორესტ გამპისთვის“. ის ასევე ნომინირებული იყო ფილმებში „დიდი“ (1989), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1999), „გარიყული“ (2001) და „მშვენიერი დღე სამეზობლოში“ (2020) შესრულებული როლებისთვის. მსახიობი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა უეს ანდერსონის ფილმში „ფინიკიური სქემა“, რომელიც გასულ წელს გამოვიდა, და მალე კვლავ გაახმოვანებს შერიფ ვუდის პერსონაჟს ფილმში „სათამაშოების ისტორია 5“. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ჰენქსი ახლა უკვე დაამტკიცეს აბრაამ ლინკოლნის როლზე ლაივ-ექშენისა და სტოპ-მოუშენ ანიმაციის ჰიბრიდულ ფილმში, სახელწოდებით „ლინკოლნი ბარდოში“. ჰენქსი ლინკოლნის ლაივ-ექშენ ვერსიას შეასრულებს. ფილმი დაფუძნებულია ჯორჯ სონდერსის 2017 წლის რომანზე. რეჟისორია დიუკ ჯონსონი, რომელმაც 2015 წელს ჩარლი კაუფმანთან ერთად გადაიღო „ანომალისა“. ჯონსონმა ასევე გადაიღო 2025 წლის ფილმი სახელწოდებით „მსახიობი“. Deadline-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტის აღწერილობა ასეთია: „ფილმი „ლინკოლნი ბარდოში“ სტოპ-მოუშენ ანიმაციისა და ლაივ-ექშენის უნიკალურ ნაზავს გამოიყენებს, რათა შეისწავლოს ლინკოლნის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური მომენტი, რომელიც ორიენტირებულია მის ურთიერთობაზე ახლახან გარდაცვლილ 11 წლის შვილთან. ფილმი შეისწავლის სიყვარულის, ემპათიის და ადამიანის შესაძლებლობების თემებს მწუხარების ფონზე, რადგან ამბავი ვითარდება პერსონაჟების ანსამბლის მეშვეობით, როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი, ისტორიული და გამოგონილი.“ ფილმის წარმოებას ახორციელებს Starburns Industries, გადაღებები კი, სავარაუდოდ, ლონდონში გაიმართება. ჰენქსი და გარი გოცმანი „ლინკოლნი ბარდოში“-ს ჰენქსის Playtone ლეიბლისთვის აწარმოებენ, ხოლო ჯონსონი, პოლ იანგი და დევონ იანგ რაბინოვიცი Starburns Industries-ისთვის. სტივენ შარეშიანი, აარონ მიტჩელი და სონდერსი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. ფილმის „ლინკოლნი ბარდოში“ გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.