TV ტოკიომ „მარტოხელა გურმანის“ მე-11 სეზონი დაანონსა
ტელეკომპანია TV ტოკიოს განცხადებით, მანგა „კოდოკუ ნო გურმეს“ (მარტოხელა გურმანი) მიხედვით შექმნილი ლაივ-ექშენ სერიალი მე-11 სეზონს მიიღებს, რომელიც 3 აპრილს გამოვა ეთერში. ეს ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანშიზის პირველი ახალი სეზონია, მთავარ როლს კი კვლავ იუტაკა მაცუშიგე შეასრულებს.
ტელეკომპანია TV ტოკიომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მასაიუკი კუსუმისა და ჯირო ტანიგუჩის მანგა „კოდოკუ ნო გურმეს“ (მარტოხელა გურმანი) მიხედვით შექმნილი ლაივ-ექშენ სერიალი რიგით მე-11 სეზონს მიიღებს, რომლის დებიუტიც 3 აპრილს შედგება „დრამა 24“ ბლოკში, 24:12 საათზე (ფაქტობრივად, 4 აპრილს, დილის 12:12 საათზე). ეს ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრანშიზის პირველი ახალი სეზონია. ახალ სეზონში გორო ინაგაშირას როლს კვლავ იუტაკა მაცუშიგე შეასრულებს.
ლაივ-ექშენ პროექტს 31 დეკემბერს ზედიზედ მეცხრე საახალწლო სპეშლი ჰქონდა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად, სპეშლის ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცა. როგორც ლაივ-ექშენ სერიალი „მარტოხელა გურმანი“, ასევე ორიგინალური მანგა, მარტოხელა გამყიდველ გორო ინაგაშირას თავგადასავლებს აღწერს, რომელიც მთელ იაპონიაში მოგზაურობს და ქუჩის კუთხეებში აღმოჩენილ ადგილობრივ კერძებს აგემოვნებს. ლაივ-ექშენ შოუს მე-10 სეზონის პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში შედგა.
ფრანშიზას ასევე ჰქონდა ექვს ეპიზოდიანი ლაივ-ექშენ მინი-სერიალის პროექტი სახელწოდებით „კოდოკუ ნო გურმე ~ოიშიი კედო ჰორო ნიგაი... ინაგაშირა გორო ნო საინან~“ (მარტოხელა გურმანი ~გემრიელია, მაგრამ ოდნავ მწარეა... გორო ინაგაშირას უბედურება~), რომლის დებიუტიც Paravi და Hikari TV სტრიმინგ სერვისებზე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში შედგა.
მასაიუკი კუსუმიმ და ჯირო ტანიგუჩიმ „კოდოკუ ნო გურმეს“ მანგას სერიალიზაცია პირველად 1994-1996 წლებში, Fusosha-ს ყოველთვიურ ჟურნალ Monthly Panja-ში (ამჟამად დახურული) მოახდინეს. კუსუმი სიუჟეტზე მუშაობდა, ხოლო ტანიგუჩი ნახატებს ქმნიდა. Fusosha-მ პირველი კოლექციური ტომი 1997 წელს გამოსცა. კუსუმიმ და Fusosha-მ მანგას მეორე ტომი 2015 წლის სექტემბერში გამოსცეს. ტანიგუჩი 2017 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მანგამ ასევე შთააგონა ვებ-ანიმე, რომლის დებიუტიც Production I.G-ის „ტატე ანიმე“ (ვერტიკალური ანიმე) სმარტფონის აპლიკაციაზე 2017 წლის ნოემბერში შედგა.
Fanfare-მა და Ponent Mon-მა მანგას ინგლისური ვერსია აშშ-ში 28 ოქტომბერს გამოსცეს. Turnaround Publisher Services-მა დიდ ბრიტანეთში მანგა 17 ივლისს გამოუშვა.
წყაროები: ლაივ-ექშენ სერიალ „მარტოხელა გურმანის“ ვებსაიტი, Comic Natalie.
თეგები