მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორშაბათია, უკვე გვაქვს სიახლეები Netflix-ის ჰიტ სერიალ „ადამსების ოჯახის“ spin-off „უენსდეის“ შესახებ, რომლის მე-3 სეზონის გადაღებები ირლანდიაში ახლახან დაიწყო. წარმოების დაწყების პარალელურად, სტრიმინგ პლატფორმამ სერიალის ქასთინგთან დაკავშირებით ახალი, საინტერესო დეტალები გაამჟღავნა. მისტიკური და ექსცენტრიკული პერსონაჟებით სავსე მსახიობთა გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი – ვაინონა რაიდერი უერთდება. რა თქმა უნდა, რაიდერი ტიმ ბარტონის დიდი ხნის კოლაბორატორია, რომელთანაც მან ისეთ საკულტო ფილმებზე იმუშავა, როგორებიცაა „ბითლჯუსი“ და „ედუარდ მაკრატელხელება“. ის ასევე კარგად იცნობს Netflix-ის მასშტაბურ ჟანრულ პროექტებს, რადგან „უცნაური ამბების“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი სერიალი დასრულდა, რაიდერი „უენსდეის“ მის წარმატებულ პროექტების სიას ამატებს, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი. რაიდერი არ არის ერთადერთი ბარტონის კოლაბორატორი, რომელიც მსახიობთა გუნდს უერთდება. მე-3 სეზონს ასევე შეურთდება კრის სარანდონი, „კუდიანი შობის“ ჯეკ სკელინგტონის ხმა, ასევე ნოა ტეილორი, რომელმაც ბარტონის „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკის“ ადაპტაციაში მიიღო მონაწილეობა. ეს ახალი სახელები უერთდება ადრე დაანონსებულ ევა გრინს, კიდევ ერთ ბარტონის ფავორიტს, რომელიც უენსდეის დეიდა ოფელიას როლში გამოჩნდება. რა თქმა უნდა, სერიალის ქასთი სავსეა საყვარელი პერსონაჟებითა და მსახიობებით: ჯენა ორტეგა უენსდეი ადამსის როლში, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ლუის გუსმანი, ემა მაიერსი, სტივ ბუშემი, ფრედ არმისენი, კრისტინა რიჩი და სხვები. ამჟამად დაუდასტურებელია, გადაიღებს თუ არა ბარტონი თავად მე-3 სეზონის რომელიმე ეპიზოდს – როგორც ეს მოხდა 1-ელ და მე-2 სეზონებში – მაგრამ ის რჩება სერიალის აღმასრულებელ პროდიუსერად. „ძალიან აღფრთოვანებული ვარ მე-3 სეზონში დაბრუნებით და შესანიშნავია ისევ შევხვდე ორიგინალური ქასთის ყველა წევრს“, – ამბობს ბარტონი. „ჩემი რამდენიმე ძვირფასი მეგობრისა და წარსულის კოლაბორატორის – ვაინონას, ევას, კრისის, ნოას – დამატება ამ სეზონს განსაკუთრებულს ხდის. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ.“ სერიალის შემქმნელები ელ გოფი და მაილს მილარი გვპირდებიან, რომ მე-3 სეზონი „ახალ მოსწავლეებს, ახალ მასწავლებლებს მიესალმება და ადამსების ოჯახის ზოგიერთ დიდი ხნის დამალულ საიდუმლოს ამოთხრის. არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ.“ „უენსდეის“ მსგავსი შოუს წარმოების მასშტაბების გათვალისწინებით, მე-3 სეზონის Netflix-ზე 2027 წელს გამოვა – რაც საკმარის დროს მოგვცემს იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ბარტონის სხვა საყვარელი მსახიობები ამ მუდმივად გაფართოებულ ქასთინგის სიაში შეღწევას.