კლერ დეინსი ამერიკელი მსახიობია, რომელიც სამი „ემის“, ოთხი „ოქროს გლობუსისა“ და ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელია. მან სახელი გაითქვა სერიალით „ჩემი ე.წ. ცხოვრება“, მოგვიანებით კი განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა სატელევიზიო ფილმით „ტემპლ გრანდინი“ და სერიალით „სამშობლო“. 2012 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა, 2015 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავი გაიხსნა. კლერ დეინსს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ფილმში, მათ შორის „რომეო და ჯულიეტაში“, „საათებსა“ და „ტერმინატორი 3: მანქანების აჯანყებაში“.