გასულ წელს გამოსული სამოქმედო კომედიის, „The Pickup“-ის შემდეგ, ოსკარის ნომინანტმა ედი მერფიმ და ოქროს გლობუსის ნომინანტმა ევა ლონგორიამ ოფიციალურად იპოვეს თავიანთი შემდეგი პროექტი Amazon MGM Studios-თან ერთად. მერფი და ლონგორია კვლავ დაქორწინებულ წყვილს განასახიერებენ მომავალ კომედიაში „Attachment Parenting“. THR-ის ცნობით, „Attachment Parenting“ ჯულიანა ბეგოტის მოკლე მოთხრობაზე იქნება დაფუძნებული. პროექტი ამჟამად განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ჯერ არ არის მიწვეული სცენარისტი ან რეჟისორი. მთავარი როლების გარდა, მერფი და ლონგორია პროდიუსერებადაც მოგვევლინებიან, ჯონ დევისთან (Davis Entertainment), შარის ჰიუიტ-ვებსტერთან (Eddie Murphy Productions), ჯეიდ მირანდასთან და კრის აბრეგოსთან (Longoria’s Hyphenate) ერთად. დევიდი ასევე მუშაობდა მერფისთან Netflix-ის 2025 წლის დოკუმენტურ ფილმში „Being Eddie“. „ფილმი მოგვითხრობს ფსიქოლოგების წყვილზე, რომელთა აღზრდის ფილოსოფია უმკაცრეს გამოცდას განიცდის, როდესაც ისინი იძულებულნი ხდებიან, მძევლად აყვანილებმა, სასტუმროში კრიმინალური ავტორიტეტის დისფუნქციურ ოჯახს გაუწიონ კონსულტაცია“, – ნათქვამია თავდაპირველ სინოფსისში. ეს არის „შრეკის“ ვარსკვლავის უახლესი თანამშრომლობა Amazon MGM Studios-თან, მას შემდეგ, რაც ისინი ადრე ერთად მუშაობდნენ ფილმებზე „ამერიკაში ჩამოსვლა 2“ და „კენდი ქეინ ლეინი“. ის აპირებს დაუბრუნდეს თავის საკულტო როლს, ვირს, ნანატრ ანიმაციურ ფილმ „შრეკი 5“-ში. ფილმ „The Pickup“-ის გარდა, ლონგორიამ ასევე ითამაშა Prime Video-ს სადღესასწაულო კომედიაში „Oh. What. Fun“ გასული წლის დეკემბერში. მომავალში ის გამოჩნდება მუსიკალურ კომედიაში „საშობაო კარმა“, სადაც განასახიერებს წარსული შობის აჩრდილს. ამ პროექტს კუნალ ნაიარი უხელმძღვანელებს. (წყარო: THR)