„ხვალის ნაპერწკლები“: ანიმე-ადაპტაცია Netflix-ზე ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი
ჰირო იუკის რომანის „ხვალის ნაპერწკლები“ ანიმე-ადაპტაცია მსოფლიო მასშტაბით Netflix-ზე ექსკლუზიურად ივლისში გამოვა. გამოქვეყნდა ახალი ვიზუალი და გახდა ცნობილი პროექტის მთავარი გმირების გამხმოვანებლები და შემქმნელთა გუნდი. სიუჟეტი მეიძის ეპოქის 40-ე წელს, 1907 წლის ზაფხულში ვითარდება და მოგვითხრობს გოგონა ინაკოსა და ახალგაზრდა კიჰაჩის თავგადასავალზე ელექტროენერგიის წინასწარმეტყველების წიგნის საძიებლად.
ჰირო იუკის რომანის „ხვალის ნაპერწკლები“ (20 Seiki Denki Mokuroku) ტელევიზიის ანიმე-ადაპტაციის გუნდმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანიმე პრემიერას ივლისში გამართავს და ექსკლუზიურად მთელ მსოფლიოში Netflix-ზე გავა. განცხადებას თან ახლდა ახალი ვიზუალიც.
ანიმეში მთავარ როლებს იუმა უჩიდა (კიჰაჩი საკამოტო) და სორა ამამია (ინაკო მომოკავა) შეასრულებენ. მინორუ ოტა („სიყვარული, ჩუნიბიო და სხვა ბოდვები!“, „ლიზი და ცისფერი ფრინველი“ – მთავარი ანიმატორი; „ქალაქი ანიმაცია“, „მის კობაიაშის დრაკონი მოახლე ს“ – ეპიზოდის რეჟისორი) ანიმეს რეჟისორია და ეს მისი პირველი სარეჟისორო პროექტია. ტაცუჰიკო ურაჰატა („ჰაგანაი“, „მაღალი ქულის გოგონა“, „საკი ეპიზოდი A მხრიდან“) სერიალის სცენარებს ხელმძღვანელობს. კოჰეი ოკამურა („თავისუფლება! ბოლო დარტყმა“ – მთავარი ანიმაციის დირექტორი, „ჟღერადობა! ეუფონიუმი“ – მთავარი ანიმატორი) არის მთავარი ანიმაციის დირექტორი და პერსონაჟების დიზაინერი. ტაკააკი სუზუკი („ვიოლეტ ევერგარდენი“, „დარტყმის ჯადოქრები“) პასუხისმგებელია სამყაროს მოწყობაზე, ხოლო ჰიტომი კოტო მუსიკას წერს.
„კიოტო ანიმციამ“ ანიმე-ადაპტაცია 2018 წლის ივლისში დაანონსა. რომანმა საპატიო ხსენება მიიღო სრულმეტრაჟიანი რომანის კატეგორიაში, მე-8 „კიოტო ანიმაციის“ დაჯილდოებაზე 2017 წლის მაისში. ეს ერთადერთი ნამუშევარი იყო, რომელმაც იმ წელს რაიმე ჯილდო მოიპოვა. „კიოტო ანიმაციის“ ლეიბლმა KA Esuma Bunko რომანი 2018 წლის აგვისტოში გამოსცა. რომანის ილუსტრაციები კაზუმი იკედამ შექმნა, ხოლო მომოკა ნაგატანს ხელოვნება და ფონი ეკუთვნის.
რომანის მოქმედება 1907 წლის ზაფხულში, მეიძის ეპოქის 40-ე წელს ვითარდება. 15 წლის ინაკო მომოკავა კიოტოს ფუშიმის რაიონში ცხოვრობს და საკეს მწარმოებლის მეორე ქალიშვილია. რასაც არ უნდა აკეთებდეს, არაფერი გამოსდის სწორად და ყოველდღიურად მამისგან საყვედურს იღებს. მისი ერთადერთი ნუგეში ღმერთებისადმი ლოცვაშია. ერთ დღეს, ფუშიმი ინარის სალოცავში ის ხვდება თავისუფალი სულის ახალგაზრდას, კიჰაჩი საკამოტოს. ის უარყოფს ღმერთებს და ტრაბახობს ელექტროენერგიის მოახლოებული ხანით.
ინაკოს ოჯახში მოულოდნელად ქორწინების საკითხი დადგა. მამამისი ცალმხრივად იღებს ყველა გადაწყვეტილებას მისთვის, ინაკო კი იმედს კარგავს. სწორედ ამ დროს კიჰაჩი ინაკოს ნამდვილ გრძნობებს გამოააშკარავებს – ოჯახიდან გაქცევის სურვილს. მისი ქორწინების შესაჩერებლად ერთადერთი გზაა მოძებნოს უჩვეულო წიგნი, სახელწოდებით „ელექტრო კატალოგი“. წიგნი არის ელექტროენერგიის შესახებ წინასწარმეტყველების წიგნი, რომელიც კიჰაჩიმ ბავშვობაში დაწერა, მაგრამ მისი უფროსმა ძმამ, სეიროკუმ, წიგნი წაიღო და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ინაკო და კიჰაჩი ერთად მიდიან წიგნის საძიებლად კიოტოსა და შიგას პრეფექტურებში.
წყაროები: „ხვალის ნაპერწკლების“ ანიმეს ინგლისურენოვანი ვებგვერდი, Netflix Anime-ის X/Twitter-ის ანგარიში.
თეგები